აშშ-ის ისტორიაში სიძლიერით მესამე ქარიშხალმა, მაიკლმა ორი ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ფლორიდის, ალაბამასა და ჯორჯიის შტატების 500 ათასი მცხოვრები დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალურ პირთა ცნობით, ორივე გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაცემულ ხეს ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, არასრულწლოვანი მაშინ გარდაიცვალა, როცა ჯორჯიის შტატში ხე მის საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ქარიშხალი ჩრდილო-დასავლეთ ფლორიდას დაატყდა თავს და სანაპირო ქალაქებში წყალდიდობა გამოიწვია. მაიკლი მეოთხე კატეგორიის შტორმია, რომლის სიმძლავრე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

ქარიშხალმა მაიკლმა ფლორიდაში მისვლამდე სამხრეთ ამერიკაში 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ჰონდურასის, ნიკარაგუასა და ელ სალვადორის მცხოვრებნი.