შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან, 11 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქე, მართვის მოწმობის შესაცვლელად ახალი დოკუმენტის აღებამდე, უწყვეტად უნდა იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მოწმობის გამცემ ქვეყანაში, სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, შსს-ს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

  • განცხადება;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს);
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა.