სინგაპურის ავიახაზებმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისი განაახლა. BBC-ის ცნობით, სინგაპური-ნიუ-იორკის უწყვეტი რეისი, რომელიც დღეიდან, 11 ოქტომბრიდან შესრულდება, 15 ათას კილომეტრს დაფარავს და 19 საათს გაგრძელდება.

მანამდე, ავსტრალიურმა ავიახაზებმა Qantas-მა გაუშვა 17-საათიანი უწყვეტი ავიარეისი პერთი-ლონდონის მიმართულებით. 17,5-საათიანი რეისი აქვს ყატარის ავიახაზებს ოკლენდი-დოჰას მიმართულებით.

სინგაპურის ავიახაზების განცხადებით, უწყვეტ რეისზე მომხმარებლის მხრიდან არსებობდა მოთხოვნა. ეარბასის უახლესი თვითმფრინავი 161 მგზავრზეა გათვლილი.

"ეს არის მარშრუტი ორ უზარმაზარ ჰაბს შორის, ასე რომ, თვითმფრინავი ყოველთვის გაივსება ბიზნესში მოღვაწე ადამიანებით", — ამბობს ავიაციის ექსპერტი ჯოფრი რომასი.

სინგაპურის ავიახაზებმა მსგავსი ხანგრძლივობის რეისი 2004 წელს განახორციელა ჩანგიდან (სინგაპური) ნიუარკამდე (ნიუ-ჯერსი), თუმცა 2013 წელს იმ მიზეზით გააუქმა, რომ ძვირადღირებული იყო.