მოქალაქეები გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომას მოითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მანიფესტი უკვე შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, მანიფესტს ხელს 392 ადამიანი აწერს.

მანიფესტის ავტორის პოზიციით, გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ, რომელშიც მან საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია.

გორის მერის განცხადებები, 10 ოქტომბერს აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა გორის მერიასთან ფუნა და საკენკი მიიტანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს ან გადადგეს.

მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ომის დაწყებაში საქართველო გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაადანაშაულა.

გორის მერმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობაზე ყველაზე აქტიურად დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობენ.

კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

"საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მას მიაჩნია, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

ასევე, აფასებდა აგვისტოს ომს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი. თუმცა 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი.