შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

შსს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ბრალდებულებმა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი დააკავეს.

უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.