თიბისიმ თავის თანამშრომლებს, რომლებსაც ხუთ შვილზე მეტი ჰყავთ, 50-50 ათასი ლარი აჩუქა. საჩუქარი თიბისის ორმა თანამშრომელმა მოულოდნელად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან მიიღო.

თიკას და ანას მეექვსე და მეშვიდე შვილები შეეძინათ და ამის ფონზე თიბისიში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრობდნენ, რა დროსაც ოთახში მუსიკა ჩაირთო. სხვა თანამშრომლები მათ გარშემო შეიკრიბნენ, ამ დროს კი ვახტანგ ბუცხრიკიძე და მამუკა ხაზარაძე შემოვიდნენ ოთახში, რომლებმაც თიკას და ანას 50 000-ლარიანი ჩეკი გადასცეს.

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამ საჩუქრის მიღება", - ამბობს თიკა დემეტრაშვილი. "ყოველთვის ვამბობდი, რომ თიბისი ნამდვილი ოჯახი იყო, რომელშიც ყოველი წუხილი თუ სიხარული საერთოა", - დაამატა მან.

თიკამ მეშვიდე შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა და მას რუსუდანი დაარქვა. ამბობს, რომ ოჯახში მატება მისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია, მითუმეტეს, რომ კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს დიდ შეღავათებს სთავაზობს. მას არასდროს ჰქონია დეკრეტული შვებულების აღების პრობლემა, თუმცა სრულ ვადას თითქმის არ იყენებს.

"თიბისის საუკეთესო დამოკიდებულება აქვს თავის თანამშრომლებთან, რომლებსაც მრავალი შვილი ჰყავთ. სამსახურში განსხვავებული გრაფიკი გვაქვს, დაგვიანება გვეპატიება და ადრე წასვლის საშუალებასაც გვაძლევენ. დეკრეტში რომ გავდივარ, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დავბრუნდები, რადგან აქ მეორე ოჯახი მელოდება", - გვითხრა თიკამ.

ზუსტად არ იცის რაში დახარჯავს საჩუქრად მიღებულ 50 000 ლარს, მაგრამ ამბობს, რომ შვიდი შვილის პირობებში თანხის განაწილება არ გაუჭირდება.

"იცით, როცა შვიდი შვილი გყავს, გაცილებით მარტივია ასეთი თანხის განაწილება", - ამბობს შვიდი შვილის დედა On.ge-სთან საუბარში.

ანა შარაშენიძე უკვე ცამეტი წელია თიბისის თანამშრომელია და კომპანიისგან უკვე მეორედ მიიღო მსგავსი საჩუქარი. პირველად, როდესაც მას მეხუთე შვილი ეყოლა, თიბისიმ მრავალშვილიან დედას 10 000 ლარი აჩუქა, ახლა კი მეექვსე შვილის დაბადების აღსანიშნავად 50 000 ლარით დააჯილდოვა.

"არ ველოდები, რომ ასეთ სიურპრიზს გვიმზადებდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კომპანიას ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა დღესასწაულმა, რომელიც ჩვენს ოფისში მოეწყო, ძალიან გამახარა", - აღნიშნავს ანა შარაშენიძე.

მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება თიბისის ტრადიციის ნაწილია, რომელსაც კომპანია რამდენიმე წელია ერთგულად მისდევს. თანამშრომლები, რომლებსაც ოთხი შვილი ჰყავთ, 10 000 ლარით ჯილდოვდებიან, ხოლო ხუთ და მეტ შვილიან ოჯახებს კი საჩუქრად 50 000 ლარი გადაეცემათ.