არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი შენობაში მოკლეს, თუმცა საუდის არაბეთი ბრალდებას უარყოფს. საუდის არაბეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ ხაშოგი შენობაში არც ისე დიდი ხანი იყო და შემდეგ შენობა დამოუკიდებლად დატოვა.

თურქულმა მედიამ კი გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი აზრით, ჟურნალისტის გაქრობაში საუდის არაბეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა იკვეთება. ვიდეო თურქეთის სახელისუფლებო ტელეარხზე TRT World-ზე აჩვენეს და ის სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან არის აღებული. თურქული მედიის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს აეროპორტში საუდის ორი კერძო თვითმფრინავი დაეშვა. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლების ამტკიცებს, რომ ხაშოგის საკონსულო დამოუკიდებლად არ დაუტოვებია.

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის აქტიური კრიტიკოსია. საკონსულოში ის განქორწინების საკითხების მოსაგვარებლად იყო მისული. ჟურნალისტის შეყვარებული ამბობს, რომ საკონსულოს შენობასთან ჯამალ ხაშოგის 11 საათი ელოდებოდა.

თურქეთის ხელისუფლება აპირებს, რომ საუდის არაბეთის საკონსულო გაჩხრიკოს. სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი განმარტავს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ, ამიტომაც ჩხრეკაზე თანახმა არიან. ანკარა, ასევე, ითხოვს, რომ ერ-რიადმა დაამტკიცოს, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა დამოუკიდებლად დატოვა.