მილიონობით ადამიანისთვის ანტიდეპრესანტები ყოველდღიური აუცილებლობაა. ახლახან გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ მათ გარემოზე უარყოფითი გავლენა აქვთ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს საკმარისი ყურადღება არ ექცევა, რამაც შეიძლება დიდ პრობლემამდე მიგვიყვანოს.

"წყალში მცხოვრები ორგანიზმები ფაქტობრივად ანტიდეპრესანტებში ბანაობენ. ანტიდეპრესანტების ნარჩენების პოვნა ყველგან შესაძლებელია, კანალიზაციაში, მიწისქვეშა და სასმელ წყლებში, მიწაში და ა.შ." - აცხადებს ოკეანეების ბიოლოგი ალექს ფორდი.

ნელ-ნელა გროვდება ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ანტიდეპრესანტები და მათი დაშლის პროდუქტები წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

"ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ანტიდეპრესანტებით დაბინძურებული წყალი გავლენას ორგანიზმების გამრავლებაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნიტეტზე, კვებაზე, გადაადგილებაზე და ქცევაზე ახდენს," - აცხადებს ალექს ფორდი.

ეჭვგარეშეა, რომ არსებული მედიკამენტები ქრონიკულ დეპრესიასა და მღელვარებაზე ეფექტურად მოქმედებს, თუმცა საქმე იმაშია, რომ ყოველწლიურად მსგავს მედიკამენტებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს, რისი გამოც ბუნებაში მათი რაოდენობა იმატებს.

2016 წელს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ 2005-დან 2012 წლამდე ამერიკაში ახალგაზრდებში ანტიდეპრესანტების გამოყენება 26-ით, ხოლო დიდ ბრიტანეთში 54 პროცენტით გაიზარდა.

ამ ეტაპზე გამდინარე წყალში ანტიდეპრესანტების და მსგავსი ნივთიერებების აღმოჩენისა და გაფილტვრის ეფექტური მეთოდები პრაქტიკულად არ არსებობს. მეცნიერები თვლიან, რომ პრობლემის გადასაჭრელად მრავალფეროვანი მიდგომაა საჭირო. ერთი მხრივ, შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს ანტიდეპრესანტების მასიური გამოყენება, მეორე მხრივ კი უნდა დაინერგოს ტექნოლოგიები, რომელიც გამდინარე წყლის სათანადოდ გაფილტვრას შეძლებს.

ოკეანეებისა და მდინარეების ფსიქოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ცნობები აქამდეც არსებობდა, რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა კოკაინზე დამოკიდებული გველთევზები აღმოაჩინეს.