ადამიანის უფლებათა ცენტრსა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საფუძველი ქსენოფობიური მოტივი იყო. მათივე თქმით, საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს და დანაშაულის მოტივი არაა მითითებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩართულობისა და განვითარების ცენტრის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია ის იყოს, რომ უფლებადამცველი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა.

"როგორც კონფლიქტის თვითმხილველი პირები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, საქმეზე გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყოს. საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან საფაროვის მკვლელობა ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამოა ჩადენილი.

ამასთან, NGO-ების განცხადებით, მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას არაერთხელ შეატყობინეს დაკავებული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი მოკლეს. იგი "ჩართულობისა და განვითარების ცენტრში" მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს საქმეზე ორი პირი დააკავა.