უკრაინული დელეგაციის საპროტესო პერფომანსს უკრაინის ჰიმნითა და ხელთათმანებით რუსულმა სახელისუფლებო მედიამ - Россия 1 სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. "ნაცისტები", "ცირკის მსახიობები", "მაკაკები", "არაფრისმაქნისები", "ბალაგანი" — გადაცემა მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვების ფონზე წარიმართა, რომლის ადრესატებიც უკრაინელ დეპუტატები იყვნენ.

"მოგესალმებით 60 წუთის სპეციალურ გამოშვებაში. პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა ევროსაბჭოდან, სადაც უკრაინულმა დელეგაციამ აჩვენა საკუთარი, აბსოლუტურად უაზრო სახე. ყურადღებით, ისინი მოუწოდებდნენ რუსების მკვლელობისკენ. ეს არ არის სასაცილო", — ამ სიტყვებით გახსნა გადაცემა წამყვანმა.

გადაცემაში აჩვენებდნენ ჩანაწერებს ევროსაბჭოდან, რომლის პარალელურად ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელი დეპუტატები სკანდირებდნენ "სიკვდილი მტერს, სიკვდილი რუსეთს". თუმცა, მათივე გავრცელებულ ვიდეომასალაში მსგავსი არაფერი ისმის.

ჩართვის დროს ჟურნალისტმა, ოლგა სკაბეევამ კი პირდაპირ ეთერში უკრაინელი დეპუტატის პერფომანსი ხელთათმანებით "სისულელედ", "იდიოტიზმად", "ცირკად" და "კლოუნადად" შეაფასა. რაც შეეხება უკრაინის ჰიმნს და ტრადიციულ შეძახილებს "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს" სკაბეევამ ის ნაცისტურად მოიხსენია.

"როცა დასრულდა სხდომა, გამოცვივდნენ უკრაინელი დეპუტატები, წრე შეკრეს ჩემ ირგვლივ და ხტუნვა დაიწყეს, ბოდიშს ვიხდი არაფორმალური გამოთქმისთვის, მაგრამ ისინი დახტოდნენ მაკაკებივით.... მღეროდნენ უკრაინის ჰიმნს. იმღერონ, შეერგოთ. შემდეგ კი მთელ მსოფლიოში აღიარებულ ნაცისტურ შეძახილებს სკანდირებდნენ", — განაცხადა ჟურნალისტმა.

გადაცემა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. სტუდიაში მიწვეული იყვნენ როგორც რუსი ასევე უკრაინელი დეპუტატები. გადაცემაში მყოფმა უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ გონჩარენკო მართალია და რუსებთან ურთიერთობისას თავის დაცვაა საჭირო, სწორედ ამიტომ, მან ხელთათმანები გაიკეთა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Россия 1

გადაცემის წამყვანი უკრაინელ დეპუტატებს აგრესიულად და ამავდროულად, ჟარგონებით მიმართავდა.

"ნაბიჭვრები ემუქრებიან სიკვდილით ჟურნალისტს, ეს ნორმალურია? აქ თქვენ ვინმე სიკვდილით დაგმუქრებიათ? სიკვდილი რუსეთს, სიკვდილი შენ, თქვენ ეს შოუ გგონიათ? ასეთი შოუები, რომ გაქვთ, იმიტომაც დაკარგეთ ქვეყანა და ყირიმის მოსახლეობა გაგექცათ", — განუცხადა ტელეწამყვანმა უკრაინელ დეპუტატებს.

უკრაინელმა დეპუტატმა მოითხოვა ეჩვენებინათ კადრი, სადაც მსგავსი შეძახილები ისმოდა რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს გენერალური ასამბლეის დარბაზში ხდებოდა, თუმცა კადრი არ უჩვენებიათ.

გადაცემამ დასასრულამდე მსგავსი რიტორიკა შეინარჩუნა. ოლგა სკაბეევამ განაცხადა, რომ გონჩარენკოს ხელთათმანებს ევროპარლამენტარები გაოცებულები უყურებდნენ. მისი თქმით, ამ ქცევით უკრაინელებმა "საკუთარი ქვეყნის ცირკი ევროპარლამენტში გადმოიტანეს". გადაცემის წამყვანმა სტუდიაში მყოფ დეპუტატს მიმართა "ნუ არცხვენთ თქვენს მშვენიერ ქვეყანას, მოიხსენით ეს ხელთათმანები".

უკრაინელი დეპუტატების საპროტესტო პერფომანსი

9 ოქტომბერს ევროსაბჭოში განიხილავდნენ რეზოლუციას რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ, რასაც უკრაინული დელეგაციის პროტესტი მოყვა. საპროტესტო პერფონმანსის გასავრცელებლად კი დელეგაციამ საუკეთესო გზა შეარჩია — რუსული სახელისუფლებო მედია.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ოლგა სკაბეევთან ინტერვიუს ჩაწერის დროს დამცავი ხელთათმანები გაიკეთა. ეს კი იმით ახსნა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ქიმიურ იარაღს კონკურენტების გასანეიტრალებლად. გონჩარენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ხალხს ყველგან კლავს, მათ შორის ქუჩებშიც, ამიტომ მათგან დაცვა აუცილებელია.

თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა და პროტესტი Россия 1-ის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა მაშინ, როცა უკრაინელმა დეპუტატებმა რუსი ჟურნალისტის ჩართვა უკრაინის ჰიმნით ჩაშალეს. სწორედ ამ ფაქტებს მიეძღვნა სპეციალური გადაცემა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოში სანქციების მოხსნის რეზოლუცია ავტორმა უკან გაიწვია.

მოსკოვისთვის სანქციების მოხსნის კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი, 16-მა თავი შეიკავა. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში. რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად შეუჩერდა. ამის გამო რუსეთმა ევროსაბჭოს დაფინანსებასა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.