2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე განცხადების გამო გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა გორის მერიასთან ფუნა და საკენკი მიიტანეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს ან გადადგეს. ისინი მოითხოვდნენ თავზარაშვილთან შეხვედრას, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ის სამსახურში არ იმყოფება.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მერი იმალება. მათი განცხადებით, დაელოდებიან სამუშაო დღის დასრულებას და თავზარაშვილს შენობის დატოვებისას სირცხვილის კორიდორში გაატარებენ. მათი თქმით, თუკი გორის მერი ბოდიშს არ მოიხდის, საპროტესტო აქცია მის სახლთან გადაინაცვლებს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ რეაგირებას გორის საკრებულოსგანაც და აცხადებენ, რომ თუ მერი არ მოიხდის ბოდიშს საკრებულომ უნდა მიიღოს მისი დათხოვნის გადაწყვეტილება.

ფოტო: ლუკა იმედაშვილი

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას, 2008 წლის ომის დროს დევნილ მოსახლეობას უთხრა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მერმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ზანგად მოიხსენია.

მოგვიანებით, თავზარაშვილმა განმარტა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველო პროვოკაციებზე წამოეგო.