მსოფლიოს წამყვანი კლიმატოლოგები აცხადებენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატების შესაჩერებლად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაგვრჩა. თუ ტემპერატურის საშუალო მატება 1.5 ცელსიუსს გადასცდება, გვალვის, წყალდიდობებისა და გაუსაძლისი სიცხეების მნიშვნელოვნად მომატებული რისკის ქვეშ ასობით მილიონი ადამიანი მოხვდება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად რადიკალური და უპრეცენდენტო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, მათი თქმით, ასეთი ცვლილებები რთული, მაგრამ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარიზის შეთანხმების ყველაზე ოპტიმისტურ და ამბიციურ პროგნოზებს ემთხვევა. პარიზის შეთანხმების მიზანია, რომ გლობალური ტემპერატურის მატება 1.5-დან 2.0 ცელსიუსამდე ფარგლებში მოექცეს.

2016 წელს პარიზის შეთანხმების ფარგლებში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ყველა ქვეყანამ აიღო, თუმცა მას შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა აღნიშნული პოზიცია შეცვალა. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შეთანხმება აღარ გავრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც სასათბურე გაზების გამოყოფით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მსგავსი სურვილი ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულმაც განაცხადა, ის აპირებს, რომ ამაზონის ჯუნგლები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ამჟამად დედამიწაზე ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ერთი გრადუსი ცელსიუსით არის მომატებული. ბოლო დროს ამერიკის სანაპიროზე მომხდარი ქარიშხლების, კეიპტაუნის გვალვებისა და არქტიკაში არსებული ხანძრების ფონზე კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე აშკარაა.

ტემპერატურის მატების 1.5℃-ზე შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია.

ნახევარგრადუსიანი დათბობა რეალურად დიდ განსხვავებას ქმნის. 1.5℃ დათბობის მაჩვენებელზე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთვისაც წყალი ხელმისაწვდომი არაა, 50%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე 2℃-ზე. საჭმლის ნაკლებობა კი მილიონობით ნაკლებ ადამიანს შეაწუხებს, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც კიდევ უფრო მძარფად აღიქვამენ კლიმატურ ცვლილებებს

ნახევარგრადუსიანი მატება ყველაზე დიდ საფრთხეს ბუნებას უქმნის. მწერებს ტემპერატურის 2℃ -ით მატების შემთხვევაში გადაშენების საფრთხე 50 პროცენტით უფრო მეტად დაემუქრებათ, ვიდრე 1.5-გრადუსიანი მატებისას. ხოლო თუ ტემპერატურა 1.5 ცელსიუსს ასცდება, მარჯნის რიფების 99% განადგურდება.

თუ ტემპერატურის საშუალო მატება 2℃ გრადუსამდე მიაღწევს 2100 წლისთვის ზღვის დონის მატება დამატებით 10 მილიონ ადამიანს შეეხება, ხოლო ჩრდილოეთის ოკეანეში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ყინული სრულად დადნება, 1.5℃-ის შემთხვევაში მსგავსი მოვლენა მხოლოდ 100 წელიწადში ერთხელ მოხდება.

"სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების წინაშე დავაყენეთ. ჩვენ მათ ტემპერატურის მატების 1.5℃-ზე შენარჩუნების მნიშვნელობა დავანახეთ და ასევე ავუხსენით ის რთული ცვლილებები, რომელთა განხორციელებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოგვიწევს. დანარჩენი კი მათ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული," - აცხადებს ერთ-ერთი მეცნიერი.

ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი ყინულის გარეშე

ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი ყინულის გარეშე

ფოტო: VIIRS/Suomi NPP/Nasa

სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ქვეყნებმა პარიზში დადებული შეთანხმების შესრულების პირობა დადეს, თუმცა ბევრი მათგანი შეთანხმების პირობებს სათანადოდ არ ასრულებს. ამჟამინდელი მდგომარეობით ჩვენ არა 2℃, არამედ 3-გრადუსიანი დათბობისკენ მივექანებით, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება.

მეცნიერები შიშობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ნავთობის მოპოვებაზე და მის გაყიდვაზე ძლიერად არიან დამოკიდებულნი საჭირო ცვლილებებისგან თავს შეიკავებენ.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ოთხი ძირითადი გზა დაასახელა, მათ შორის არის განადგურებული ტყეების აღდგენა, ელექტრო ენერგიაზე დაფუძნებულ ტრანსპორტზე გადასვლა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.

მეცნიერები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები უკანასკნელი მონაცემების გასაანალიზებლად და სამომავლო გეგმების განსახილველად ერთმანეთს წლის ბოლოს პოლონეთში დაგეგმილ კონფერენციაზე შეხვდებიან.