ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კურიერის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას გადაღების დროს სცემეს. მათი ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

როგორც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეკა გაგუა შაბათის კურიერისთვის გამოძიებაზე მუშაობდა, რომელიც ეხებოდა რკინიგზის მშენებლობის საკითხს. მისივე თქმით, ჟურნალისტს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ერთ კონკრეტულ დეტალს იღებდნენ.

"მათ თავს დაესხნენ, კომპანიის წარმომადგენლები, წაართვეს კამერა და სცადეს ვიდეომასალის წაშლა, უბრალოდ ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ ჟურნალისტმა შეძლო ჩიპის ამოღება, მიაყენეს დაზიანებები. ჩვენი კამერა ჩაკეტეს და არ გვიბრუნებდნენ, ვიდრე ადგილზე პოლიცია არ მივიდა", — განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, ამჟამად ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან.

რუსთავი 2-მა მომხდარზე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფის გამოხმაურება გაავრცელა. მათი განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც მიმდინარე სამუშაოების გამო უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ვერსიით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა ტერიტორია არ დატოვა და "პროვოკაციული გზით შეეცადა კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას". ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფის თქმით, მათი მიზანი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაა დაწყებული.