ადამიანები ხშირად ოცნებობენ ზღაპრულ ციხესიმაგრეში ცხოვრებაზე, სადაც ლამაზ პრინცესასთან ან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცთან ერთად სიამოვნებით გაატარებდნენ მთელ დარჩენილ სიცოცხლეს. მართალია, ამჟამად ბევრად უფრო მოკრძალებულ შენობებში ვცხოვრობთ, მაგრამ ზღაპრული ციხესიმაგრეები და სასახლეები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გაფანტული და მათი მონახულება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

ეტლით ხანგრძლივი მგზავრობის ნაცვლად კი, შეგიძლიათ დანიშნულების ადგილას უბრალოდ გადაფრინდეთ.

ვინაიდან არჩევანი თავბრუდამხვევია და შესაბამისად დანიშნულების ადგილის შერჩევა ძნელი, გადავწყვიტეთ ევროპის 7 ყველაზე ლამაზი და სხვებისგან გამორჩეული ციხესიმაგრე წარმოგიდგინოთ.

1. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე - ბავარია, გერმანია

ფოტო: YouTube

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრეს მეორენაირად ზღაპრულ სასახლეს უწოდებენ. ამ მართლაც დიდებული ნაგებობის მშენებლობა მეფე ლუდვიგ II-ის სურვილით ბავარიაში, 1869 წლიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 1884 წელს აქ ცხოვრება უკვე თავისუფლად შეიძლებოდა, მეფის გარდაცვალების დროსაც კი, 1886 წელს ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულებული არ იყო.

არქიტექტურული თვალსაზრისით ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე მეცხრამეტე საუკუნის ეკლექტიზმისა და რომანტიკული ჰისტორიზმის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.

ამ სასახლეს წელიწადში 1.3 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ზაფხულში კი დღეში 6000 ვიზიტორი ჰყავს.

2. შამბორის ციხესიმაგრე - ლუარი, საფრანგეთი

ფოტო: Wikimedia

შამბორის ციხესიმაგრე, რომელიც მეფე ფრანცის I-ის მიერ 1519 წელს აშენდა, ფრანგი მეფეების საყვარელი სასახლე იყო. ის მდინარე ლუარის ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრეა, სადაც 440 ოთახი, 365 ბუხარი და 84 კიბეა, მათ შორის ხვეული კიბეები, რომელზეც არსებობს ჭორი, რომ ლეონარდო და ვინჩის დიზაინითაა შექმნილი.

აქ ცხოვრება განსაკუთრებით ლუდოვიკო XIV-ს მოსწონდა, თუმცა ვინაიდან მთლიანი ნაგებობის გათბობა ძალიან ძვირი ჯდებოდა, შამბორს ძირითადად ზაფხულობით სტუმრობდნენ. დღეს კი მას წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ, მით უმეტეს, რომ შთამბეჭდავი სასახლის დათვალიერების შემდეგ, ველოსიპედით ან ნავით გასეირნებას შეძლებთ.

3. პრაღის ციხესიმაგრე - პრაღა, ჩეხეთი

ფოტო: Time Travel Turtle

პრაღის ციხესიმაგრე მეცხრე საუკუნეში აშენდა და სხვადასხვა დროს ის რომის იმპერატორებისა და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტების რეზიდენციას წარმოადგენდა. დღეს კი აქ ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.

ეს შთამბეჭდავი ნაგებობა მსოფლიოს რეკორდსმენია და მსოფლიოში ყველაზე დიდი (მოიცავს 70 000 მ²-ს) ანტიკური ციხესიმაგრის ტიტულს ფლობს. რეალურად ეს არის ზღაპრული ბაღების, მდიდრული დარბაზების, გრძელი ბილიკებისა და ისტორიული ნაგებობების მასშტაბური კომპლექსი (მათ შორის ტაძარი, სადაც ჩეხ მეფეებს აკურთხებდნენ), რომლის სიგრძეც დაახლოებით 570 მეტრია, სიგანე კი 130-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ამ ზღაპრული ადგილის მოსანახულებლად პირდაპირ ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზეარის საშუალებით საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, 114.99 ლარად შეგიძლიათ გაფრინდეთ.

4. ბოინიცეს ციხესიმაგრე - ბოინიცე, სლოვაკეთი

ფოტო: Reddit.com

ბოინიცეს ციხესიმაგრე დღეს მუზეუმად არის გადაკეთებული. აღსანიშნავია, რომ მეთორმეტე საუკუნეში აქ ხის სასახლე აშენდა, მას შემდეგ კი ციხესიმაგრემ არაერთი მეპატრონე გამოიცვალა, ხოლო 1950 წლის 9 მაისს ხანძარმა გადაწვა.

საბედნიეროდ, ციხესიმაგრე აღადგინეს და აქ დაცული ეროვნული საგანძურის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის.

5. ბუდას ციხესიმაგრე - ბუდაპეშტი, უნგრეთი

ფოტო: Original Budapest

ბუდას ციხესიმაგრე, რომელიც XIV საუკუნეში, ბუდაპეშტში ანჟუს დინასტიის მიერ აშენდა, უნგრელი მეფეების საცხოვრებელ ისტორიულ კომპლექს წარმოადგენს.

კომპლექსი სახელგანთქმულია თავისი ბაროკოს სტილის ნაგებობებითა და ეკლესიებით. პირველი სამეფო რეზიდენცია კი 1247 წელს მეფე ბელა IV-მ ააგო. ციხესიმაგრის ნაწილი არაერთხელ დანგრეულა და თავიდან აშენებულა, 1987 წლიდან კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ვინაიდან ვიზეარი ბუდაპეშტშიც ახორციეოლებს ფრენებს აქ 74.99 ლარად შეგიძლიათ გაფრინდეთ, შესაბამისად ამ შთამბეჭდავი სამეფო კომპლექსის მონახულება უახლოეს ვიქენდზეც კი უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

6. პენის ციხესიმაგრე - სინტრა, პორტუგალია

პენის ციხესიმაგრე პორტუგალიაში, ქალაქ სინტრის მახლობლად მდებარეობს. მაღალ კლდეზე ლამაზად წამოჭიმული ციხე 1840 წლიდან სამეფო საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლის მშენებლობა კი პორტუგალიის დედოფლის, მარია II მეუღლეს, ბავარიის პრინცს ფრანსისკო ანტონიოს უკავშირდება.

პენის ციხესიმაგრე, რომელიც თავისი გასაოცარი არქიტექტურითა და ფერებით მეფე ფერდინანდ II- ის სამეფო სასახლეც იყო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ ტურისტს იზიდავს.

7. მონტჟუიკის ციხესიმაგრე - ბარსელონა, ესპანეთი

ფოტო: Wikimedia

მონტჟუიკის ციხესიმაგრე ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მდებარეობს. სასახლე სახელგანთქმულია თავისი საყარაულო კოშკითა და მაღალი გალავნით, რომელმაც ორი სხვადასხვა ბრძოლის დროს ესპანელების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ციხესიმაგრე 1640 წელს კატალინიელებისა და ჰაბსბურგების დაპირისპირების პერიოდში აშენდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია.

აღსანშნავია, რომ ქუთაისიდან ბარსელონაში პირდაპირი ფრენით 154.99 ლარად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.