აუდიტის სამსახური საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართუ ბანკიდან მილიონლარიანი სესხის აღებას შეისწავლის.

როგორც პრესსამსახურმა On.ge-ს განუმარტა, უწყება შეისწავლის თუ რა პროცენტში აქვს ზურაბიშვილს სესხი აღებული და შეადარებენ მას სხვა კომერციული ბანკების სესხის პროცენტს. თუ სესხის საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით გაცილებით დაბალია ის შეიძლება, ჩაითვალოს შემოწირულობად, რომელიც დაფიქსირებული არ არის.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართუ ბანკიდან, მილიონი ლარი ისესხა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პერიოდში 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის შუალედში 1 890 744 ლარი დაიხარჯა, მათ შორის 1 438 894 — რეკლამაზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს. ამ თანხით საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები დაფაროს.

სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს სულ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა.

ზურაბიშვილის შემწირველთა სიაში ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების თანამშრომლები მოხვდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა რამდენიმე ექიმისგან 7-დან 50 ათას ლარამდე შემოწირულობა მიიღო.