ახლახან ცნობილი გახდა იმ ექვსი ფილმის შესახებ, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ნომინანტებს შორის მოხვდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის საშიში დედა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

შარშან საშიში დედა საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კინოაკადემიამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის შერჩეული 15 ფილმი გამოავლინა. ნომინანტებს შორის მოხვდა რატი წითელაძე ფილმით სოციუმის პატიმარი, რომელიც ასევე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და პრიზიორია.

ევროპის კინოაკადემიის ნომინანტთა სრული სია 10 ნოემბრამდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი, დაჯილდოვების ცერემონია კი 15 დეკემბერს, ესპანეთში გაიმართება.