პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

ბურჭულაძის გუნდის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 156 ათასზე მეტ ადამიანს დაენიშნა საარსებო შემწეობა. მათი შეფასებით, ეს ფაქტი სოციალურად დაუცველი ადამიანებით, წინასაარჩევნოდ მანიპულირებაა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 156 946 ადამიანითაა გაზრდილი. ეს ტენდენცია გაგრძელდა ბოლო ორი თვის განმავლობაში და დამატებით საარსებო შემწეობა დაენიშნა 17 125 ადამიანს. სამწუხაროდ გრძელდება საარსებო შემწეობების დანიშვნა სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება წინასაარჩევნოდ და მათი რეალური მოსყიდვის მცდელობასთან გვაქვს საქმე".

ბურჭულაძის გუნდი ახალ ინიციატივასაც სთავაზობს ამომრჩეველს. მათი თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ჰქონდეთ სტატუსის შენარჩუნების 4 წლიანი გარანტია.

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პაატა ბურჭულაძის გუნდი გამოდის ინიციტივით, შემოიღოს 4 წლიანი გარანტია სოციალურად დაუცველთა სტატუსების შენარჩუნების. ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, აღარ შეეშინდება როდის შევა მის ოჯახში სოციალური სააგენტო და ეს იქნება სოციალური პოლიტიკის რეალური შედეგი".