2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით მცირდება. პროექტის მიხედვით, 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 802 მილიონი იყო 2019 წელს კი 790 მილიონი იქნება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება კონკრეტული პროექტის დასრულებას უკავშირდება.

"საფრანგეთიდან პროექტის ფარგლებში დარჩენილი იყო 22 მილიონი ლარი მისაღები და შესაბამისად, ამის გამო არის შემცირებული ბიუჯეტი, თუმცა ამაზე მოლაპარაკება გვექნება თავდაცვის კომიტეტში, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორებთან და ვფიქრობთ, თავდაცვის სამინისტროში უფრო გაზრდილი ბიუჯეტი იქნება", — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში იმსჯელებენ.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დარგების მიხედვით განიხილავენ. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი, პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა, რაც 270 200 000 ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამავე თემაზე: