საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის, ბიუჯეტის განხილვას იწყებს. დღეს, 9 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ.

დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, როგორც ოპოზიციას ისე უმრავლესობას. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 1 500-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება, ამის პარალელურად კი 60 მილიონით იზრდება შრომის ანაზღაურება. დეპუტატის თქმით, კითხვებს პარლამენტში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დასვამს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების პოზიტიური ზრდა შეინიშნება, თუმცა, ამავე დროს, შენიშვნებიც აქვს. მისი პოზიციით, იურიდიული დახმარების სამსახურს დაფინანსება უნდა გაეზარდოს, რათა უფრო ეფექტურად იმუშავოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ის ელოდება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას, რომლის განხილვაც პარლამენტში ერთი კვირა გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დარგების მიხედვით განიხილავენ. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი, პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა, რაც 270 200 000 ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.