გორის მერი, რომელმაც აგვისტოს ომში დაბომბვის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველო პროვოკაციებზე წამოეგო. ამის შესახებ მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მოსახლეობას ამას ვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები, რუსეთიდან თავიდან გამოწვეული, რომ ჩვენ მთავრობას, მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო ეს პროვოკაციები აეცილებინა და ომში არ ჩაბმულიყო", — აცხადებს თავზარაშვილი.

ამ აზრის განსამტკიცებლად გორის მერი იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანის, კონდოლიზა რაისის განცხადებას, რომელიც მანამდე რასისტულად მოიხსენია.

On.ge-მ სცადა გორის მერთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

დღეს, 9 ოქტომბერს მოსახლეობასთან შეხვედრისას თავზარაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაბომბვა საქართველომ დაიწყო.

"ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა", — ამ კითხვით გორის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას მიმართა.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობაზე ყველაზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საუბრობენ.

ზურაბიშვილს ომის დაწყებაზე პირველად მაშინ ჰკითხეს, როცა საპრეზიდენტო კანდიდატურა წარადგინა. მან განაცხადა, რომ საომარი ვითარების ნაწილი საქართველომ დაიწყო. კრიტიკის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი დიდი ხნის წინ დაიწყო.