საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადა. შესაბამისი მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და შესაბამისად, გადავადებასაც საჭიროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.

დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევს ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.

კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა. პარლამენტში კანონპროექტის უკან გაწვევაზეც მსჯელობდნენ.

გაიგე მეტი: