საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დაწყებულ არასამთავრობო სექტორის კრიტიკას თბილისის მერი კახა კალაძე აგრძელებს. თბილისის მერის განცხადებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩუმად არიან, რაც გასაკვირი არ არის.

"არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში არიან. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა", — განაცხადა თბილისის მერმა.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას 5 ოქტომბრის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს ეხებოდა, ხელმოცარულისა და უნიათო ფაშისტის სიტყვები უწოდა.

5 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის წერს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უნდა შევიწროვდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2-ის ეთერში ინტერვიუს დროსაც გააკრიტიკა. "ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მიაჩნია, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას ახდენს და მათი რეპუტაციის შელახვას ცდილობს.