კინოს გადასაღებად და ნამუშევრის საზოგადოებისთვის გასაცნობად დიდი ფინანსების მოძიება, პროფესიონალი მსახიობების შერჩევა, გაწელილი კასტინგების ჩატარება და კინოთეატრებისთვის მასალის მიყიდვა საჭირო აღარ არის. Youtube-ს დახმარებით დღეს გაცილებით მარტივია საკუთარი სათქმელი, რომელსაც კინოს სახით გადმოსცემთ, საზოგადოებამდე მიიტანოთ. ამას დამწყები კინორეჟისორები დიდი ხანია მიხვდნენ და მათი მოკლემეტრაჟიანი ფილმები საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. მათი სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ წარმოგიდგენთ ხუთ საუკეთესოს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

1. Monday (ორშაბათი)

ამ მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი ფილმის რეჟისორი ალი ლოკმანია (Ali Loukman), რომელმაც ორშაბათი 2013 წელს გადაიღო და Youtube-ზე გამოაქვეყნა. ალი ვიდეოს აღწერაში წერს, რომ მას არ (ვერ) გამოუყენებია განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვილობა, რადგან არ აქვს, თუმცა ფილმი მაინც შთამბეჭდავი გამოვიდა და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს შეიცავს.

2. The Most Beautiful Thing (ყველაზე ლამაზი რამ)

ამ ფილმის რეჟისორი კამერონ ქოუველია, ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი, რომლის მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც Youtube-ზე უდიდეს აუდიტორია ჰყავს. კამერონის მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია, მან რამდენჯერმე გაიმარჯვა სხვდასხვა დაჯილდოებებზე და სახელის მოხვეჭაც მოახერხა. მისი ეს ფილმი ორი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

3. 2+2=5

2+2=5 ჭეშმარიტად საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მინი-კვლევის შედეგად აღმოვაჩინე. ბაბაკ ანვარის ფილმი ნათლად გამოხატავს ავტორიტარული რეჟიმის მანკიერებას, ადამიანის უფლებების უგულებელყოფას და მიწასთან გასწორებას, მასობრივი დაჩლუნგების მცდელობასა და ტოტალიტარული რეჟიმის მთავარ ვნებას, ადამიანის მორჩილების მოპოვების მცდელობას.

4. 3 SHADES (სამი ელფერი)

ვივეკ ჯოშის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინდოელი ბავშვის 2 დღეს, 26-სა და 27 იანვარს აღწერს. მძიმე ყოფა, შრომა და ცხოვრება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს აქვს, არცერთ თქვენგანს დატოვებს გულგრილს. ეს ფილმი სარკეა საზოგადოების, რომელიც გულგრილია სხვის მიმართ და თითქმის არასდროს ფიქრობს მის გარშემო შეკრულ წრეზე.

5. Identity (იდენტობა)

რას მალავთ თქვენ? რას მალავენ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები? როგორია ნიღბით ცხოვრება? და როგორი ხდება ცხოვრება მას შემდეგ, რაც ნიღაბს მოიხსნი? ამ კითხვებზე პასუხს ამ ფილმში იპოვით.