ეს მარტივია!

  • შედით საიტზე "ჩართე"
  • მიუთითეთ სასურველი თანხა, რომელიც ყოველ თვე ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ;

მზადაა! ახლა თქვენ თუნდაც 1-ლარიანი შემოწირულობის გაღებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ინტერნეტთან, ლეპტოპთან, ულევ ინფორმაციასთან, განათლების მიღების, კომუნიკაციისა და თვითგანვითარების საშუალებებთან მიეცით წვდომა.

იცოდით თუ არა, რომ ქართული სკოლების 70,000-მდე მოსწავლეს (აქედან 20,000-მდე უფროსკლასელს) არ აქვს კომპიუტერის ყიდვისა და ინტერნეტის საფასურის გადახდის საშუალება? ან რომ მათი უმეტესობა ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში, დევნილთა დასახლებებში ან მაღალმთიან რაიონებში?

საბედნიეროდ, არსებობს სოციალური სტარტაპი "ჩართე", რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. ჩართე (ანუ GiveInternet.org) არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მარტივ, სწრაფ და გამჭვირვალე პლატფორმაზე დარეგისტრირებით თქვენ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებულ მოსწავლეს ექნება განათლების მიღებისა და თვითგანვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა: თითოეული ბენეფიციარი „ჩართეს“ ონლაინ მენტორობის პროგრამაში გაწევრიანდება, რომლის წყალობითაც ის მუდმივად მიიღებს თვითგანვითარებისა და სწავლისთვის საჭირო რჩევებს, ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს.

ფოტო: ჩართე

პროექტი წამოიწყო Educare Georgia-მ, საგანმანათლებლო ფონდმა, რომელმაც მიზნად დაისახა, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მისცეს მსოფლიო დონის განათლების მიღების შანსი. გუნდის ღრმა რწმენით, ინტერნეტთან წვდომა დღეს ნებისმიერი ადამიანის უფლებაა.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ და 300-ზე მეტი მხარდამჭერის წყალობით უკვე ჩართულია 190-ზე მეტი მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან. სანამ მოსწავლეები ინტერნეტისა და ონლაინ საგანმანათლებლო სივრცის შესაძლებლობებს ითვისებენ, ჩართეს გუნდი დაუღალავად ეძებს მხარდამჭერებს, პროექტი კი სწრაფად ვითარდება:

დღეს ჩართეს ახალი საიტი აქვს. მისი ახალი ფუნქციონალის წყალობით პროექტი ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა. თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ბევრად მეტი ინფორმაცია პროექტზე, მის გუნდზე და, რაც მთავარია, პროექტის ხარჯებზე.

მაგალითად, ეწვიეთ პროექტების გვერდს, რომ ნახოთ მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. შეიარეთ გუნდის გვერდზე, რომ ნახოთ, ვინ დგას პროექტის უკან. ეწვიეთ ხარჯების გვერდს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რაში და რატომ იხარჯება შემოწირულობა. აქ ნახავთ, ასევე, გამჭვირვალობის ანგარიშსა და ყოველთვიური ანგარიშის ნიმუშს, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს ყოველი თვის დასაწყისში ელფოსტით ეგზავნებათ. ბენეფიციარების ადგილმდებარეობის გასაგებად ეწვიეთ პროექტის რუკას. რაც მთავარია, ეწვიეთ მოსწავლეების განათლების გვერდს და გაიგეთ, რას გულისხმობს მენტორობის პროგრამა.

"ჩართე" ბოლო დროს საგრძნობლად გაფართოვდა. EY Georgia-ს, BDO-სა და თბილისი Huawei-სთან ერთად პროექტს დაემატა ახალი დასახლებები. კერძოდ, ჩართეს თბილისის #45 საჯარო სკოლა და სოფლები ხაშურის მუნიციპალიტეტში: ტკოცა, ვაყა, გომი, ოსიაური.

ფოტო: ჩართე

ქართული მინერალური წყალი ბორჯომის დაფინანსებით ბორჯომში მცხოვრებ 28 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერები.

ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, გახდეთ თუ არა ჩართეს დონორი? გაიცანით მოსწავლეები, რომლებიც დღესაც ჩართვას ელოდებიან, ან წაკითხეთ თამარის, ჩართეს 18 წლის ბენეფიციარის, ისტორია:

"ჩართეს კომპიუტერით დაახლოებით 6 თვეა, რაც ვსარგებლობ. ამის შემდეგ ჩემი ყოველდღიურობა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ შეიცვალა, რადგან საშუალება მაქვს, დაბრკოლების გარეშე მოვძებნო სასურველი ინფორმაცია. ინტერნეტში ყოფნისას ძირითადად ნებულას, Wikipedia-ს და Youtube-ს ვსტუმრობ. აბიტურიენტობის რთულ გზაზე არ მქონდა რეპეტიტორების დაქირავების საშულება. ამიტომ დამოუკიდებლად, კომპიუტერის დახმარებით ვემზადებოდი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ინტერნეტს პირადი ინტერესებისთვისაც აქტიურად ვიყენებ. მე პროფესიული მოკრივე ვარ. ინტერნეტის დახმარებით თვალყურს ვადევნებ კრივის თანამედროვე და ძველი ვარსკვლავების ბრძოლებს, რაც მეხმარება საკუთარი ტექნიკის გაუმჯობესებაში. მომავალში მსურს რეაბილიტატორად მუშაობა, ინტერნეტით კი ამ სფეროსთან დაკავშირებულ ცოდნას ვიღრმავებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ინტერნეტი - ესაა წვდომა ულევ ინფორმაციასთან, დღევანდელ სამყაროში კი ცოდნა ყველაფერია".