მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათთან შესახვედრად მზად არის. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს არასამთავრობო სექტორს და როგორც პრეზიდენტს ურთიერთობა ექნება მათთან. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

"სამწუხაროა, როდესაც სიძულვილის გამომხატველი სიტყვები გაისმის ქალის მიმართ და ამაზე რეაქცია არ აქვთ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მეორეს მხრივ, მგონი, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა ცილისწამებაში გადაიზარდა. მზად ვარ, რომ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს", — განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

4 ოქტომბერს14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია რომ სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადება ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას.

მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის განცხადებები პირველი არაა. ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა თურქებს მოქალაქეობა მისცათ, მაგრამ ეთნიკურად სომხებს — არა.

5 ოქტომბერს ამომრჩეველთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანაციების ბრალდებებს კრიტიკით უპასუხა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ NGO-ებს არცერთხელ არ უსაუბრიათ იმ აგრესიასა და სიძულვილის ენაზე, რომელსაც საზოგადოება და ოპონენტები მის მიმართ იჩენენ და ქალი კანდიდატის მხარდაჭერის ნაცვლად ის რასიზმსა და ქსენოფობიაში დაადანაშაულეს.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ბრალდებებს რომელსაც NGO სექტორი და საზოგადოება უსაფუძვლოდ უყენებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, კანონმდებლობის დონეზე.

მისივე თქმით, მედია და არასამთავრობოები სახელმწიფოს მშენებლობის ბერკეტია და ისინი გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ. გარდა ამისა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ გულისხმობს რომელიმეს შეზღუდვას, მაგრამ "ღირსება ორივესგან მოსათხოვი არის და მოეთხოვებათ".