მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს კრიტიკით უპასუხა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობოებს არ უსაუბრიათ იმ აგრესიასა და სიძულვილის ენაზე, რომელსაც საზოგადოება და ოპონენტები მის მიმართ იჩენენ და მხარდაჭერის ნაცვლად ის დაადანაშაულეს.

"ქალის მიმართ, რომ იყო ეს სიტყვები გამოყენებული, რაც დღევანდელ მსოფლიოში პირიქით არის, რომ ქალების დასაცავად გამოდიან არასამთავრობოები უფრო და უფრო ძლიერად. აქა ეს არ ხდება, პირიქით ხდება. ჩემს დამახინჯებულ და კონტექსტიდან ამოვარდნილ საუბრებზე, არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გამოილაშქრნენ და ბრალს მდებენ თან პერსონალურად, თან სახელითა და გვარით, რასიზმსა და ქსენოფობიაში", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისივე თქმით, ბრალდებებს რომელსაც NGO სექტორი და საზოგადოება უსაფუძვლოდ უყენებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, კანონმდებლობის დონეზე.

"არის ძალიან დიდი ბრალდება, ეს ხუმრობა არ არის. რომ დამთავრდება არჩევნები, მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, საერთოდ არამხოლოდ ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა. უნდა ვიფიქროთ, როგორც სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ ეს საზოგადოებრივი არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, რომ ეს ასე გაგრძელდეს", — განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ზურაბიშვილის თქმით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მშენებლობის ბერკეტია და ისინი გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ. მისივე თქმით, არ გულისხმობს რომელიმეს შეზღუდვაზე, მაგრამ "ღირსება ორივესგან მოსათხოვი არის და მოეთხოვებათ".

ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამდენი სიძულვილი, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა არსად უნახავს.

14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია რომ სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადება ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის განცხადებები პირველი არაა.

ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა თურქებს მოქალაქეობა მისცათ, მაგრამ ეთნიკურად სომხებს — არა.