გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად ჩინეთის არმიის დაქვემდებარებაში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა Apple-ისა და Amazon-ის სერვერებში სათვალთვალო ჩიპები ჩაამონტაჟა, ნათქვამია Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფანქრის წვერის ზომის პაწაწინა ჩიპები სპეციალური მოწყობილობების გარეშე შეუმჩნეველია. ცნობების მიხედვით ისინი ჩინეთში აწყობილ სერვერებშია ჩამონტაჟებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჩიპები ჩინეთის არმიაში არსებულმა კომპიუტერული შეტევის ჯგუფმა შექმნა, რაც ჰაკერებს საშუალებას აძლევს, რომ სერვერის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია აკონტროლონ, მოიპოვონ წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე, ან დაუკავშირდნენ სხვა სერვერებს.

სერვერები კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის, Super Micro Computer-ის შექმნილია, რომელსაც სიდიდით ხშრირად მაიკროსოფტსაც ადარებენ ხოლმე. მათმა წარმოებულმა "დაჩიპულმა" სერვერებმა 30 სხვადასხვა კომპანიის დატა ცენტრში შეაღწია, მათ შორისაა Apple და Amazon.

ამის შესახებ ეფლმა, ამაზონმა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა 2015 წელს შეიტყო, როდესაც კომპანიებმა Super Micro Computer-ის დამზადებული სერვერები შეიძინეს. Apple-ს დაახლოებით 7 000 სერვერი ჰქონდა შეძენილი, როდესაც უსაფრთხოების სამსახურმა ჩიპები აღმოაჩინა.

სტატიაში დასახელებულია 17 ანონიმური წყარო, რომელიც ჩინელების მიერ ჩიპების ჩამონტაჟების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ჯამში ასეთ სერვერებს 30 სხვადასხვა კომპანია იყენებდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის რამდენიმე სამსახურიც.

Amazon, Apple და Super Micro ბრალდებებს უარყოფს.

"ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ შეძენილ სერვერებში მსგავსი ჩიპები, ან რაიმე სხვა სახის მანიპულაციები არასდროს აღმოგვიჩენია," - აცხადებენ ეფლში.

"ჩვენ მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია," - აცხადებს სერვერების მწარმოებელი კომპანია.

Super Micro Computer მთავარი ოფისი კალიფორნიაშია განთავსებული, თუმცა როგორც კომპანიების უმეტესობა, ის ტექნიკას ჩინეთში აწარმოებს.

ბრალდებები ჩინეთის მთავრობამაც უარყო.

"ჩინეთი კიბერუსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგში სხვადასხვა მხარეები მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შეიკავებენ და ხელს შეუწყობენ კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რისი საშუალებითაც ჩვენ უსაფრთხო კიბერსივრცის შესაქმნელად ერთად ვიმუშავებთ," - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.