თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ოქტომბრის 3 დღეში ზურაბიშვილმა 1 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. სექტემბერში კი — 332 245 ლარი. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მხარდაჭერა გამოიხატებოდა როგორც ფინანსურად, ასევე სხვა სახის რესურსებით. მან მოუწოდა პარტიის წევრებს ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ზურაბიშვილს არჩევნებში გაემარჯვა.

1 ოქტომბერს, ქართული ოცნება საგანგებოდ შეიკრება და კიდევ ერთხელ გამოხატა ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ივანიშვილმა ისევ მოუწოდა პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები და მხარში დაუდგნენ კანდიდატს.

სექტემბერში 104 შემწირველიდან 84-მა მას 30 თეთრი გადაურიცხა. 30 თეთრი ზურაბიშვილს კამპანია #ნუყიდისაქართველოს ფარგლებში გადაურიცხეს. მოქალაქეებმა ფლეშმობი მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპრეზიდენტო კანდიდატმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო მოქმედებების დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა

სექტემბერში სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შეწირა კოკა-კოლას დირექტორმა და ლაღიძის წყლის მეწილემ ვახტანგ ლაღიძემაც. რის შემდეგაც მომხმარებლების ნაწილმა კოკა-კოლისა და ლაღიძის წყლის ფეისბუქგვერდებზე კიდევ ერთი ფლეშმობი დაიწყეს. ზურაბიშვილს 180 000 ლარი გადაურიცხეს სამშენებლო კომპანია შპს არქის მფლობელმა და პარტნიორებმაც.