რედიოჰედის სოლისტმა ტომ იორკმა ლუკა გუადანინოს ახალი ფილმისთვის, Suspiria, შექმნილი საუნდტრეკი გამოუშვა. Has Ended - ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც ფილმში გაიჟღერებს.

1977 წლის საკულტო ფილმის რიმეიქისთვის მუსიკალურ თემა მთლიანად ტომ იორკმა შექმნა. ალბომიდან, სახელად Suspirium პირველი კომპოზიცია 4 სექტემბერს გამოვიდა. სრული ალბომის მოსმენას ფანები 26 ოქტომბრიდან შეძლებენ.

ფილმისთვის მუსიკალური ალბომი ტომ იორკმა პირველად შექმნა. მისი თქმით, Suspiria-სთვის კომპოზიციების დაწერამ მას ის თავისუფლება მიანიჭა, რაც აქამდე არ ჰქონია.

საშინელებათა ჟანრის ფილმში ტილდა სუინტონი, დაკოტა ჯონსონი, ქლოი გრეის მორეცი, მია გოთი და სხვები მონაწილეობენ. ის Call Me By Your Name-ის რეჟისორმა, ლუკა გუადანინომ გადაიღო.

Suspiria-ს სიუჟეტი ბერლინის პრესტიჟულ ქორეოგრაფიულ სკოლაში ვითარდება, სადაც დაკოტა ჯონსონის გმირი მიდის სასწავლებლად. ფილმის პრემიერა ვენეციაში, პირველ სექტემბერს გაიმართა, ის კინოთეატრებში 2 ნოემბრიდან გამოვა.