რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკური პარტია - ცენტრისტების რეგისტრაციის უფლება არ ჰქონდა:

"ცესკომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყონებლივ, თავიდან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და შემდეგ აუცილებლად უნდა გაირკვეს როგორ, რა უფლებამოსილების ფარგლებში იყო მიღებული პირველადი გადაწყვეტილება".

საკითხს ეხმაურება ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებს, საკონსტიტუციო დავის ოფიციალურად დაწყება საჭირო აღარ გახდება:

"გარემოებები, რომელიც გამოიკვეთა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მიმართვის შინაარსი იქნება ის, რომ ამ ახალი გარემოებების შესწავლის გადამოწმების გაანალიზების საფუძველზე, მიღებული იყოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია ცენტრისტებს საარჩევნო რეგისტრაცია უნდა გააუქმოს".

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავდჯომარემ, თამარ ჟვანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი. ამასთან, ჟვანია განმარტავს, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს:

"იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, ახლადდადგენილი გარემოების გათვალისწინებით იმსჯელოს ცენტრისტების საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე, საჯარო რეესტრის მიერ ცესკოში დროულად უნდა იქნას წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილება".

15 აგვისტოს საჯარო რეესტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია ცენტრისტებს არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.