ორ ოქტომბერს ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციაზე მაიკროსოფტმა Surface ხაზის განახლებული ლეპტოპები და ერთი ახალი პროდუქტი, Surface ყურსასმენები წარადგინა. თუ ღონისძიებისთვის თვალი არ გიდევნებიათ, გთავაზობთ 5 სიახლეს, რომელიც გუშინ კომპანიისგან შევიტყვეთ.

1. Surface Pro 6 და Surface Laptop 2

ფოტო: Verge

მაიკროსოფტმა პრეზენტაცია ლეპტოპისა და ტაბლეტის ჰიბრიდით, Surface Pro 6-ის წარდგენით დაიწყო. განახლებულ მოდელს ინტელის მე-8 თაობის პროცესორი და ახალი ელემენტი აქვს, რომელიც ლეპტოპს ენერგიით 13.5 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

მაიკროსოფტმა ლეპტოპების მეორე ხაზი, Surface Laptop 2-იც წარადგინა, რომელსაც ალკანტარას ზედაპირი, 13.5-ინჩიანი ეკრანი, მე-8 თაობის ოთხ ბირთვიანი პროცესორი და ძლიერი ელემენტი გააჩნია, რომელიც 14.5 საათის განმავლობაში ძლებს.

მაიკროსოფტის ახალი მოწყობილობების შეძენა ახლა უკვე შავ ფერშიც შეგიძლიათ.

Surface Pro 6-ს ფასი $899-დან, ხოლო Surface Laptop 2-ის კი $999-დან იწყება.

2. Surface Studio 2

ფოტო: Microsoft

მაიკროსოფტმა პრეზენტაციაზე ახალი Surface Studio 2-იც წარმოადგინა, რომელიც 2016 წლის შემდგომ არ განახლებულა. Surface Studio 2-ს 28-ინჩიანი ეკრანი და 50 პროცენტით გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები აქვს. მისი ფასი $3 499-დან იწყება.

3. Surface ყურსასმენები

მაიკროსოფტმა პრეზენტაციაზე ახალი პროდუქტი, Surface ყურსასმენები პირველად წარადგინა. ეს უსადენო ყურსასმენებია, რომელსაც მაიკროსოფტის პირადი ასისტენტი Cortana მოჰყვება. ყურსასმენებს გარე ხმაურის ჩახშობის ფუნქციაც აქვს. ხმისა და გარე ხმაურის მარეგულირებელი კი ყურსასმენის სხეულშია ჩაშენებული.

ელემენტი 15 საათი ძლებს, მისი დატენვა კი USB-C პორტის საშუალებით ორ საათში შეიძლება. ყურსასმენის ფასი $349-დან იწყება.

4. Surface All Access

Surface-ის ნებისმიერი მოწყობილობის შეძენისას თქვენ შეგეძლებათ, რომ თვეში მხოლოდ $24.99-ის გადახდით მაიკროსოფტის Office 365-ის სრული ვერსია მიიღოთ, რომელსაც თან ტრენინგები და სრული ტექნიკური მხარდაჭერა ახლავს.

5. APP Mirroring

ფოტო: Microsot

მაიკროსოფტი ცდილობს, რომ სმარტფონები და პერსონალური კომპიუტერები ერთმანეთთან უფრო თავსებადი გახადოს. ახალი ფუნქცია საშუალებას იძლევა, რომ ანდროიდის სმარტფონის ნებისმიერი აპლიკაცია თქვენი კომპიუტერიდან მართოთ. ამის საშუალებით თქვენ კომპიუტერსა და სმარტფონს შორის ფაილების გაცვლასაც უფრო ადვილად მოახერხებთ.

მაიკროსოფტის თქმით ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი ანდროიდისა და iOS-ის სმარტფონებისთვის იქნება.