Amazon-მა დააანონსა, რომ თანამშრომლებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდას $15-მდე აპირებს, რაც ორჯერ მეტია ფედერალური კანონით განსაზღვრულ მინიმუმზე. ეს გადაწყვეტილება ჯეფ ბეზოსმა დემოკრატიული პარტიის წევრის, ბერნი სანდერსის ზეწოლის შემდეგ მიიღო.

განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სამშაბათს გაავრცელა, ნათქვამია, რომ მინიმალური ხელფასი 1 ნოემბრიდან გაიზრდება. Amazon-ის თქმით, ხელფასის ცვლილება 250 000-ზე მეტ სრულ და ნახევარ განაკვეთზე მყოფ თანამშრომლებსა და 100 000-ზე მეტ სეზონურ თანამშრომელს შეეხება.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს ჩვენს მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას და გადავწყვიტეთ, რომ ამ ნაწილში სამაგალითოები ვყოფილიყავით. ამ ცვლილებით აღტაცებულები ვართ და მოვუწოდებთ სხვა დიდი კომპანიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ" - თქვა Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა.

კომპანიამ განცხადებაში არ დააკონკრეტა თუ რა სახის კრიტიკის საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ცხადია, რომ ჯეფ ბეზოსმა ცვლილებები ბერნი სანდერსის კრიტიკის შემდეგ დაიწყო.

Amazon-ის გლობალური კორპორატიული საკითხების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასის ზრდაზე კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებასაც აპირებს.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ კონგრესის მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რათა მინიმალური ხელფასის ზრდა ფედერალურ დონეზეც შეიცვალოს. ამჟამინდელი ზღვარი, რომელიც $7.25-ია, ათწლეულების წინ არის დაწესებული", - თქვა ჯეი კარნიმ.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მინიმალური ხელფასის ზრდას, რომელსაც დადებითი ეფექტი ექნება აშშ-ის ათობით მილიონი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - დაამატა მან.

ბერნი სანდერსმა Amazon-ის კრიტიკა სექტემბერში დაიწყო. მან კომპანია თანამშრომლებისთვის დაბალი ხელფასის გადახდაში დაადანაშაულა და საპასუხოდ, ახალი კანონპროექტების მომზადება დაიწყო. მისი ინიციატივა გულისხმობს "ცუდი დამსაქმებლებისთვის სუბსიდიების შეჩერებას". მეორე კანონპროექტს კი "ბეზოსის აქტის შეჩერება" ჰქვია, რაც გულისხმობს ახალი ტიპის გადასახადების შემოღებას, რომელიც დიდ დამსაქმებლებს აიძულებს მთვრობისთვის ფულის გადახდას, საიდანაც დასაქმებულები მიიღებენ სახელფასო დანაკლისებს.

ამაზონი მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზრდას აშშ-ს მიღმაც აპირებს

Amazon-მა მინიმალური ხელფასის გაზრდა აშშ-ის მიღმაც გადაწყვიტა. კომპანიამ პრეს-რელიზში დააანონსა, რომ დიდ ბრიტანეთში მინიმალური ხელფასი £10.50-მდე გაიზრდება, რაც დაახლოებით $13.60-ს უდრის. £10.50 ლონდონში დასაქმებულ თანამშრომლებს ექნებათ, ხოლო დანარჩენი ბრიტანული ქალაქებისთვის £9.50 იქნება. The Living Wage Foundation-ის მიხედვით, ლონდონში მინიმალური ხელფასი £10.20-ით არის განსაზღვრული, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი £8.75-ით.