მეცნიერებმა სამი ადამიანის ტვინის ერთმანეთთან დაკავშირება შეძლეს, რამაც მათ ფიქრების გაცვლის საშუალება მისცა - ცდისპირებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ტვინებით ტეტრისი ითამაშეს.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ექსპერიმენტის მასშტაბების გაზრდა შესაძლებელია, რაც მათ უამრავი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას მისცემს.

ეს პროცესი ელექტროენცეფალოგრამისა და თავის ტვინის მაგნიტური სტიმულაციის საშუალებით ხდება. მეცნიერებმა ახალ სისტემას BrainNet უწოდეს და განაცხადეს, რომ საბოლოოდ უამრავი ტვინის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი.

კომუნიკაციის ახალი მეთოდის გარდა, ეს ექსპერიმენტი გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება.

"ეს სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ერთმანეთს გონებით ესაუბროს," - აცხადებს კვლევის ავტორი.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ორი ადამიანი ტეტრისის მსგავსი თამაშის სათამაშოდ დასვეს - მათ უნდა გადაეწყვიტათ საჭირო იყო თუ არა ფიგურის მოტრიალება. გადაწყვეტილების მისაღებად მათ ეკრანის ორ სხვადასხვა მხარეს არსებული მანათობელი წერტილიდიდან ერთ-ერთისთვის უნდა შეეხედათ. ნათურები სხვადასხვა სიხშირეზე ანათებდა, რაც მათ ტვინში განსხვავებულ სიგნალებს აღძრავდა, ამ სიგნალების დაფიქსირება კი ელექტროენცეფალოგრამით ხდებოდა.

მიღებული გადაწყვეტილებები კი მესამე, განცალკევებით მჯდომ ადამიანთან იგზავნებოდა, მას თავზე სპეციალური მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული, რომელიც მაგნიტური ველების საშუალებით მისი მხედველობის არეში წამიერ ნათებას იწვევდა. მიმღები თამაშის მიმდინარეობას ვერ ხედავდა, თუმცა აღძრული სინათლის დაფიქსირების შემთხვევაში მას ფიგურების შემოტრიალება ევალებოდა.

ჯამში ექსპერიმენტში ადამიანების ხუთი სხვადასხვა ჯგუფი მონაწილეობდა, მათი საშუალო სიზუსტე კი 81 პროცენტი იყო, რაც დასაწყისისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამ ეტაპზე სისტემას მხოლოდ ერთი ბიტი ინფორმაციის გადაცემა შეუძლია, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში უფრო დიდი რაოდენობის ინფორმაციის გაცვლას და ბევრი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებას შეძლებენ.