საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოსთვის გენდერულ კვოტებს უწესებს. როგორც კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსშია აღნიშნული, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20 პროცენტი უნდა იყოს ქალი.

რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საბჭოში არის ათი წევრი, მინიმუმ ორი წევრი უნდა იყოს ქალი. ხოლო თუ საბჭოში ხუთი ან უფრო ნაკლები წევრი იქნება მათგან ერთი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.

ბანკებმა აღნიშნული მოთხოვნა 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულონ.

მსგავსი რეგულაცია მოქმედებს ნორვეგიაშიც, რომელიც დიდ კომპანიებს ავალდებულებს, რომ ბორდის წარმომადგენლების 40 პროცენტი ქალები იყვნენ. კომპანიებისთვის გენდერული კვოტები დაწესდა ამერიკის შტატ კალიფორნიაში.

იმ კომპანიებში, რომლებსაც სათავო ოფისი კალიფორნიის შტატში აქვთ, მხოლოდ კაცებით დაკომპლექტებული ბორდები აიკრძალა. კალიფორნია პირველი შტატია ამერიკაში, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო.

კომპანიებს ბორდში მინიმუმ ერთი ქალის დამატების ვალდებულება 2019 წლის ბოლომდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ.

კანონი ახალ ვალდებულებას უწესებს იმ კომპანიებსაც, რომლებსაც 5 დირექტორი ჰყავთ — მისი მიხედვით, აღმასრულებლის ორი პოზიცია ქალმა უნდა დაიკავოს. იმ შემთხევაში, თუ დირექტორის რაოდენობა 6 ან მეტია, კომპანია ვალდებულია, რომ მინიმუმ სამი ქალი დირექტორი ჰყავდეს. ამ ცვლილების ვადა 2021 წლის ბოლომდეა.