სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მერაბიშვილი კლინიკა მედიკლაბში სისხლის დამატებითი ანალიზების ასაღებად გადაიყვანეს, რომ ადვოკატების მიერ გამოთქმული ეჭვი გამოერიცხათ. მათივე თქმით, ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როდის და რატომ გადაიყვანეს მერაბიშვილი გამოკვლევებზე. მისივე თქმით, ეჭვობს რომ პაციენტის დიაგნოზს მალავენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.

"ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაც ფალსიფიცირების მცდელობას აქვს ადგილი იმიტომ, რომ ერთი კვირა გადის უკვე და ჩვენთვის ხელმიუწვდომელია მერაბიშვილის დიაგნოზები ავერსის კლინიკაში ჩატარებული. იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის მინისტრი გვეუბნებოდა დარწმუნებით, რომ მას არაფერი არ სჭირს, ანუ იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არა", — განაცხადა ადვოკატმა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკა ავერსში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შედეგად, ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს. მათი თქმით, მერაბიშვილს მოუგვარდა როგორც სუნთქვის პრობლემები, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ. მათივე თქმით, მსჯავრდებული ექიმებთან ადასტურებს, რომ 2 კვირაა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

უწყების განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად ასევე გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება. მათივე თქმით, გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა. მედიკოსთა აზრით, სახეზე არც ინტოქსიკაცია არა არის და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს.

უწყებაშიშ ასევე, ამბობენ, რომ სხვადასხვა ექიმების აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ ის სჭირდება, რომ არ შეწყვიტოს დანიშნული მკურნალობა, რაზეც სამედიცინო პერსონალი აგრძელებს დაკვირვებას. მათივე თქმით, დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან.