13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტურ კორუფციასა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.

საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ:

"მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას".

მათივე თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრისა და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:

  • კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;
  • სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას;
  • პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;
  • ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

როგორც ორგანიზაციების აცხადებენ, მსგავს ვითარებაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებებისა და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ისინი ითხოვენ, რომ მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

მათ, ასევე, მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

განცხადებას ხელს აწერს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.