შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა, გამთენიისას, ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიცია 1995 წელს დაბადებულ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. უწყების ცნობით, ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.