1993 წლის 27 სექტემბრიდან 25 წლის თავზე, საქართველო სოხუმის დაცემას გლოვობს, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების" დღეს ზეიმობს. სპეციალურად ამ დღისთვის, სოხუმში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმს დე ფაქტო აფხაზეთის გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა მეთაურობს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო აღლუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და სეპარატისტული განცხადებაც გააკეთა.

მისი თმით, აფხაზმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ასობით და ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა.

"1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან", - განაცხადა ხაჯიმბამ.