საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები არის მიუღებელი. საპატრიარქოს თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები სასულიერო პირთაგან არაერთხელ გაჟღერებულა.

"დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება, იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ" — წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხია.

კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.

კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური პოზიცია არ გაუვრცელებია და ამასთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია.