ლინდსი ლოჰანმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს ის მშობლებისგან ორი ბავშვის განცალკევებას.

10-წუთიან ვიდეოში მსახიობი უსახლკარო ოჯახს უახლოვდება, რომელთაც "სირიელ დევნილებს" უწოდებს. ის მშობლებს სთავაზობს, ორი მცირეწლოვანი ბიჭი მას გააყოლონ სასტუმროში ფილმების საყურებლად, რადგან "ბავშვებს ძირს არ უნდა ეძინოთ".

როცა მშობლები უარს ამბობენ, მსახიობი აგრესიული ხდება.

"შეუსვენებლად უნდა მუშაობდე, რომ შენს შვილებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ", - უყვირის ის დედას.

რამდენიმე წუთის შემდეგ ოჯახი წყვეტს, რომ ნივთები აკრიფოს და ლინდსი ლოჰანს გაეცალოს, ამასობაში კი მსახიობი ხმამაღლა ყვირის, რომ "ეს ბავშვთა ტრეფიკინგია" და რომ ასეთი ადამიანები არაბულ კულტურას არცხვენენ.

ვიდეო ამჟამად წაშლილია, მაგრამ ის ლაივში უამრავმა ადამიანმა ნახა.

ბავშვებს და მშობლებს პლედებში გახვეულს ეძინათ, როცა მათ ლინდსი ლოჰანი მიუახლოვდა

ფოტო: Lindsay Lohan / Instagram

ვიდეოს დასასრულს ისმის ქალის ხმა და ლინდსის ხმამაღალი შეძახილი, რის შემდეგაც კამერა ირყევა. ლოჰანი კამერას თავისკენ ატრიალებს და ამბობს, რომ მას სახეში გაარტყეს, რის შემდეგაც ვიდეო მალევე სრულდება.

TMZ-ის ინფორმაციით, შემთხვევა რუსეთში მოხდა. ლინდსი ლოჰანი ვიდეოში ინგლისურად, რუსულად და არაბულად საუბრობს.

მსახიობის წარმომადგენლებს ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.