ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ღამით რამდენიმე ათეული ადამიანი პოლიციამ კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დააკავა. ორაშვილის თქმით, პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მისულ ადამიანებს.

"ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა", — წერს ორაშვილი.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი, აქედან ორი აკაკი წერეთლის გამზირზე, ხოლო ერთი ცაბაძის ქუჩაზე დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ექსტაზი, ამფეტამინი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

შსს-ს განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულები კლუბში მიდიოდნენ, თუ კლუბიდან მოდიოდნენ.

უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით.