რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას გამოეხმაურა. კერძოდ კი, უწყებამ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. განცხადებაში წერია, რომ პრემიერის გამოსვლამ "უცნაური შეგრძნებები დატოვა".

"როგორც ვხედავთ, მსოფლიო საზოგადოებას რეალობიდან მოწყვეტილ წარმოდგენას უნერგავენ იმაზე, რომ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა "რუსი ოკუპანტები", — წერია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთი დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ დიდი დრო დაუთმო ოკუპაციაზე საუბარს. სამშვიდობო კონტექსტში პრემიერმა საერთაშორისო კოლეგებს წარუდგინა სამთავრობო ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ამ ინიციატივის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების მიცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

მამუკა ბახტაძემ რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

"გაეროს ტრიბუნიდან მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა", — განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის ამ სიტყვებმა უკმაყოფილება გამოიწვია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში:

"ჩვენ არ ვართ თანამოქალაქეები. ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოსი, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ არა ერთი სახელმწიფოსი".

ამავე თემაზე: