ინგლისელი მოდელი და მსახიობი კარა დელევინი სოციალურ მედიაში გავრცელებულ კამპანიას #WhyIDidntReport-ს ეხმაურება და იმ მიზეზზე წერს, რის გამოც სექსუალური შევიწროებაზე არ იჩივლა.

"ძალიან მრცხვენოდა იმის გამო, რაც მოხდა და არ მინდოდა, ვინმეს ცხოვრება საჯაროდ გამენადგურებინა, იმის მიუხედავად, რომ მან იგივე ჩემთან მიმართებაში არასაჯაროდ გააკეთა", - დაწერა მან ტვიტერზე.

ონლაინ კამპანია, ჰეშტეგით #WhyIDidntReport [რატომ არ ვიჩივლე], ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ დაიწყო და გავირუსდა.

ტრამპმა თქვა, რომ მსხვერპლები ვალდებულნი იყვნენ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ წარსულშივე მიემართათ სამართალდამცავებისთვის.

როდესაც კარამ თავის სექსუალურ შევიწროებაზე პირველად ისაუბრა, მას თავდამსხმელი არ დაუსახელებია. თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში მან თქვა, რომ ის ჰოლივუდის ყოფილი გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი იყო.

ინსტაგრამის პოსტის აღწერაში მოყოლილი ისტორიის მიხედვით, ვაინშტაინი კარას მიმართ სექსუალური ხასიათის მანერებით გამოირჩეოდა და მას სთხოვდა, რომ უცნობი ქალისთვის მის წინაშე ეკოცნა.

"მე არ მინდოდა მისი ოჯახის წევრებისთვის მიმეყენებინა ტკივილი და მომხდარის გამო, თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი", - წერდა კარა.