ოჯახებში არსებულ გენდერულ როლებზე განწყობები მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა იცვლება, თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი პრობლემა არსებობს, რომლებსაც როგორც დედები, ისე მამები, გამუდმებით აწყდებიან.

მაგალითად ფლორიდელი მამა დონტე პალმერის შემთხვევა ავიღოთ, რომელსაც თავისი ერთი წლის შვილისთვის პამპერსის გამოცვლა საკუთარ მუხლებზე მოუწია, რადგან... ბავშვისთვის პამპერსის გამოსაცვლელი მაგიდები მხოლოდ ქალების საზოგადოებრივ ტუალეტებშია.

"სერიოზულად ვამბობ! რა პრობლემაა, რომ გამოსაცვლელი მაგიდები კაცების ტუალეტშიც დააყენონ? ჩვენ ვარსებობთ! აშკარაა, რომ ჩემს შვილს მუხლებზე გამოცვლა ხშირად უწევს, რადგან ის ამას შეეჩვია და კომფორტულად გამოიყურება. გადაჭერით ეს პრობლემა!" - დაწერა მან ინსტაგრამზე.

პალმერის თქმით, ის ცოლთან და სამ შვილთან ერთად რესტორანში იყო, როცა მის ერთი წლის შვილს გამოცვლა დასჭირდა. მისი სიტყვებით, დედა შეკვეთას აძლევდა, ოჯახის უმცროსი წევრი კი გამოსაცვლელად ტუალეტში მან და 11 წლის შვილმა წაიყვანეს, სწორედ მან გადაუღო მამას ფოტოები.