საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პირველია, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან ასამბლეის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა. გაეროს 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ახალ ინიციატივებზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და მოლოდინებზე.

ოკუპაცია - მთავარი თემა

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მამუკა ბახტაძემ თავის 18-წუთიან გამოსვლაში, 8 წუთი საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის თემას დაუთმო. მან საუბარი აფხაზეთის დაცემის დღეზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ 27 სექტემბერი უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღია საქართველოს ისტორიაში.

მან საუბარი აგვისტოს ომსა და იმ პრობლემებზე საუბრით გააგრძელა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

"ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღესაც დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები", — თქვა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ახსენა, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლები. პრემიერმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრია

მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მაშინ, როცა საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა და ძალის არგამოყენებაზე პასუხისმგებლობაც აიღო.

"მივმართავ რუსეთის ფედერაციას — შეასრულეთ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, მაგრამ ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება", — განაცხადა ბახტაძემ.

ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ

სამშვიდობო კონტექსტში პრემიერმა საერთაშორისო კოლეგებს წარუდგინა სამთავრობო ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ამ ინიციატივის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების მიცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

პრემიერის თქმით, ამ სამშვიდობო ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე და ექნებათ პირობები კომერციული საქმიანობის დასაწყებად.

მან მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება მათი წარმატებაცაა.

"მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება", — განაცხადა ბახტაძემ.

საერთაშორისო სტრუქტურების კრიტიკა

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის აგრესიის გამოწვევების წინაშე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არაეფექტური გამოდგა და დღევანდელ მსოფლიოს უფრო ძლიერი გაერო სჭირდება.

მისი თქმით, მსოფლიომ რუსეთის აგრესია მხოლოდ ორი ქვეყნის პრობლემად აღიქვა.

"მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში აჩვენა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის", — განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო საზოგადოება საჭიროებს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც შეძლებენ არსებული გამოწვევები კონკრეტულად შეაფასონ და ადეკვატური რეაქცია მისცენ.

ევროპა და საქართველო

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში და შესაბამისად, დღესაც ჩართულია იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას დღეს მთელი კაცობრიობა.

"ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი", — განაცხადა პრემიერმა.

მას სწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში - ერთმანეთის ხარჯზე.

"სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, - მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის რეფორმები

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც "წარმატებით განხორციელდა" და ქვეყანა ამ ცვლილებებით ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

პრემიერმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმას ამბიციური უწოდა, განათლების სისტემის მოდერნიზაციას კი კიდევ ერთი გარღვევა გამოწვევების გასამკლავებლად.

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

"მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში", — განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური ამბობს, მცირე ზომის, მოქნილ მთავრობას აბალანსებს ძლიერი საჯარო — ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოება, რაც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნით გაეროს მიერ განსაზღვრული გეგმის მე-16 პუნქტის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს.

მედია და სამოქალაქო სექტორი

პრემიერის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმია. მისივე თქმით, 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

"განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხით", — აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს.

"ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიულად განვითარება შეუძლებელია", — თქვა პრემიერმა.

მისი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება,

ახალი ინიციატივა - თბილისის ფორუმი

პრემიერმა საქართველოში ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსენა და გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივით მიმართა. მან გაეროს ასამბლეის დელეგატებს საქართველოში თბილისის ფორუმის ჩატარება შესთავაზა.

"მსურს, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ თბილისის ფორუმის ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნება, შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დაპირისპირების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ", — განაცხადა მან.

ევროატლანტიკური არჩევანი

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია მრავალი მიმართულებით ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია, რაც კონსტიტუციითა და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით არის გამყარებული.

ბახტაძის შეფასებით, დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

"საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის "გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი" და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატოს მისიაში, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტერორიზმის საფრთხე

პრემიერმა თავის გამოსვლაში საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია.

"ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას", — განაცხადა ბახტაძემ.

მისი აზრით, ყველა თანხმდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება.

"მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას", — აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.