ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი კონკრეტულ თემებზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გადიან. მისი თქმით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ისინი ერთიან სამოქმედო გეგმას დასახავენ.

"ეს სამოქმედო გეგმა იქნება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქცეული და არანაირად გადასცდება კანონის ჩარჩოებს", — განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციაზე მონაწილეობისკენ მთავრობის წევრებსაც მოუწოდებს. მისივე განცხადებით, აქციები 5 ნოემბრამდე აქვს დაგეგმილი, თუმცა, ქვეყანაში სამართლიანობის არ აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა ამ თარიღმა გადაიწიოს.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქცია #მამებისიმართლისთვის 10 სექტემბრიდან განაახლეს. ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელისა და იმ ადამიანების დასჯას, ვინც მკვლელს ხელს აფარებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა კი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის საქმის გამოძიებაა.

გუშინ, 26 სექტემბერს სარალიძემ განაცხადა, რომ მაშინ როდესაც მანქანით მიდიოდნენ პარლამენტისკენ, პოლიციამ გზა გადაუკეტა და კარავი და სხვა ნივთები მანქანიდან წაიღო. მისივე თქმით, მას თბილისის მერიასთან ჰქონდა შეთანხმება, რომ გაეშალა კარავი. სარალიძე პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე, ცენტრალურ მაგისტალზე გაწვა.

ამ მოვლენების შემდეგ შვილმოკლულმა მამებმა აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოიწვიეს.