"რა იგულისხმეთ, როდესაც აფხაზეთზე განგრენა თქვით", — ეს კითხვა გმირთა მოედანზე მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაუსვა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი განგრენისთვის არ შეუდარებია და ეს სიტყვები მასზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა.

— რა იგულისხმეთ აფხაზეთზე?
— არაფერი, ის, რომ სამეგრელოს მეზობელია.
— არა, განგრენა არისო...
— არ მითქვამს.
— როგორ არა, ტელევიზორში მოვისმინე.
— მე არ მითქვამს, ოქრუაშვილმა თქვა ჩემზე.

15 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის ომის შემდეგ პარიზში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატმა აფხაზეთი "განგრენად" მოიხსენია.

"ზურაბიშვილმა საკმაოდ თავდაჯერებულად დაიწყო იმის მტკიცება, რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვავითაროთ, ჩვენ თუ გვინდა სრულფასოვანი სახელმწიფო შევქმნათ, უარი უნდა ვთქვათ იმ განგრენაზე, რომელიც მარჯვენა ხელზე გვკიდია", — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.