შვილმოკლული მამები, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს იწვევენ. ამის შესახებ აქციაზე რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ განაცხადა.

შვილმოკლული მამების აქცია

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტთან მე-16 დღეა აქციას მართავენ. ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელისა და იმ ადამიანების დასჯას, ვინც მკვლელს ხელს აფარებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილი არ იყო დაკავშირებული ტერორისტებთან და სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

ზაზა სარალიძემ აქციები 10 სექტემბერს მას შემდეგ განაახლა, რაც პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დავით სარალიძის მკვლელი უცნობია, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.