გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდა. ტრამპმა ირანის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის დათესვაში დასდო ბრალი.

"ის პატივს არ სცემს არც თავის მეზობლებს, არც საზღვრებს, არც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს. ამის სანაცვლოდ, ირანის ლიდერები სხვების ეროვნულ რესურსებს საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებენ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს თეირანის მიმართ ხისტი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების დადება დიდი შეცდომა იყო.

ირანის ბირთვული შეთანხმება, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მ 2018 წლის მაისში დატოვა. მაშინ ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ მიმდინარე შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეჩერების გარანტი ვერ იქნებოდა. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს შეთანხმების სხვა წევრმა ქვეყნებმაც და მის დატოვება უარი თქვეს.

აშშ-სა და ირანს შორის ახალი დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გახდა. ამერიკულ მხარეს სურს, რომ 2018 წლის ნოემბრისთვის სხვა ქვეყნებში ირანული ნავთობის იმპორტი შეწყდეს. ივლისის დასაწყისში რუჰანი ამბობდა, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს, რომლის გავლითაც ზღვაზე მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დიდი წილი გადის.