საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პალიტრა მედიის სტამბაში, კოლორპაკში სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს გამოძიების ფარგლებში შევიდნენ.

უწყების განმარტებით, გამოძიება ეხება პროგრამის ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმეებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კოლორპაკმა პროგრამა აწარმოე საქართველოში 2014 წლის 15 დეკემბერს 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროკურატურა განმარტავს, რომ კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება. განჩინება შეეხებოდა კოლორპაკის სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებას.

უწყების განცხადებით, შესაბამისი განჩინება კომპანიას 24 სექტემბერს ჩაბარდა.

"აღვნიშნავთ, რომ კომპანიიდან აწარმოე საქართველოში პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს კოლორპაკს არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

პალიტრა მედიამ სტამბაში პროკურატურის შესვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. როგორც სტამბის დირექტორმა On.ge-ს უთხრა, პროკურატურის თანამშრომლებმა არ განუმარტეს რომელი საქმის ფარგლებში შევიდა საგამოძიებო უწყება მათთან დოკუმენტების ამოსაღებად.